logo
ENG



საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს

15 მარ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. ამის შესახებ ქართული ოცნება ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეზიდენტი გაკრიტიკებულია "კონსტიტუციის დარღვევისთვის". 

"საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.

ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია", - წერია ქართული ოცნების განცხადებაში. 

გუშინ, 14 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და "ამაში გაერკვევიან". 

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით", - თქვა კობახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. 

ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა. 


close დახურვა