მოძრაობა სირცხვილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს, 7 მარტს დაკავებული აქტივისტების სასამართლო სხდომა დიდ დარბაზში გაიმართოს და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ყველა იმ მედიასაშუალების დასწრება, რომელიც ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პროცესის გაშუქების მიზნით.
სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 7 მარტს უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებენ და ითხოვდნენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.
მათ პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს. პოლიციამ შეკრებილების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი წასული იყო.
"2022 წლის 18 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 მარტს გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 4500 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღის ვადით.
მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს:
ვინაიდან საქმე განიხილება ექვსი პირის მიმართ, ასევე, არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ მიმდინარე წლის 18 მარტს ჩანიშნული სასამართლო სხდომის დიდ დარბაზში განხილვა, რათა შესაძლებელი იყოს სხდომაზე დამსწრეთა დაშვება. ასევე, გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა იმ მედიასაშუალების დასწრება, რომელიც ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პროცესის გაშუქების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.