ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ახლა უკრაინაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლა "უსაფრთხოების საკითხია".
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ 2008 წელს, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.
"პირველ რიგში მე უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი იმიტომ, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები 2008 წელს, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, უბრალოდ ლოკალურად ხდება ხოლმე სამშვიდობო კორიდორების გახსნა. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედების ზონაა", - ამბობს ქადაგიშვილი.
2008 წლის 12 აგვისტოს ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერმინისტრი სოლიდარობის ნიშნად და დედაქალაზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად თბილისში ჩამოვიდნენ.
civil.ge-ს არქივის თანახმად, 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალები ღამის განმავლობაში დაბომბვას განაგრძობდნენ.
დაიბომბა გორის ცენტრალური მოედანი, კასპისა და ხაშურის სოფლები.