logo
ENG



ვრცელდება რუსეთის თავდაცვის უწყების განკარგულება შოიგუზე, რომელსაც მისი მოადგილე აწერს ხელს

25 მარ 202222:08
3 წუთის საკითხავი
clock 7572
2022/03/25/ransqkiug1d5h6e.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშინკო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტს ავრცელებს, სადაც წერია, რომ ინფორმაცია მინისტრ სერგეი შოიგუს საქმიანობაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გაუჩინარდა, მედიაში ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავრცელდეს. გერაშენკოს გარდა, დოკუმენტს რადას ყოფილი დეპუტატი რუსლან ბლაგოიც ავრცელებს. მისი პირველწყარო უცნობია.  

დოკუმენტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შოიგუს გაუჩინარების შესახებ მედიაში ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება.

დოკუმენტი "ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ" 23 მარტით არის დათარიღებული.

გავრცელებულ დოკუმენტში წერია: "ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სერგეი შოიგუ მის სამუშაო ადგილას არ იმყოფება და გარკვეული მედიების წარმომადგენლებს მასთან დაკავშირება არ შეუძლიათ, ნეგატიურად მოქმედებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს იმიჯსა და ავტორიტეტზე, ასევე რუსეთის შეიარაღებულ ძალების იმიჯზეც.

ვბრძანებ: 30 მარტამდე, თავდაცვის სამინისტროს ყველა ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად გამოქვეყნდეს ფოტო და ტექსტუალური მასალები, საიდანაც გამოჩნდება, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ უძღვება და იღებს მონაწილეობას სამხედრო საქმიანობაში. გარდა ამისა, ინფორმაცია უნდა იყოს ასევე მიმართული იმის დემონსტრაციისკენ, რომ მინისტრი იმყოფება თავის სამუშაო ადგილას და აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის  მართვაში. განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს".

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს ხელს არა თავად მინისტრი შოიგუ, არამედ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბულგაკოვი აწერს.

"როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ეგრეც არ ასწავლეს ტელეფონის კამერის გამოყენება და ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა ზედა ეშელონებიდან ინფორმაციის გაჟონვა (ამ შემთხვევაში განკარგულება, რომელიც ქსელში გაავრცელეს) ხშირად ბევრ რამეს ხსნის", - წერს ანატოლი გერაშენკო. 

ცნობისთვის, 24 მარტს რუსეთში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიების ინფორმაციით, სერგეი შოიგუც ესწრებოდა. მედიებმა სხდომიდან მოკლე ვიდეო გაავრცელეს, იმის დასტურად, რომ თავდაცვის მინისტრი არ გაუჩინარებულა. თუმცა მოგვიანებით, მედიაზონამ სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო შეისწავლა და განმარტა, თუ რატომ აქვთ ეჭვი, რომ შოიგუ რეალურად 24 მარტის სხდომას არ ესწრებოდა. მედიაზონაში აცხადებენ, რომ 11 მარტის შემდეგ გაუჩინარებული შოიგუ, ვიდეოში ჩამონტაჟებულია. შოიგუს გაუჩინარების შემდეგ რამდენიმე ვერსია გავრცელდა - ერთ-ერთი მის ჯანმრთელობას ეხებოდა.

 


close დახურვა