რუსეთი "კარდინალურად შეამცირებს" საომარ აქტივობას კიევსა და ჩერნიგოვში. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ფომინი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთნდობის ასამაღლებლად მიიღეს.
"იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების მოლაპარაკებები, ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება გადადის პრაქტიკაში, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად და ზემოაღნიშნული შეთანხმების ხელმოსაწერად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო აქტივობის კარდინალურად, რამდენჯერმე შემცირების შესახებ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით", - განაცხადა ფომინმა.
კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსი სამხედროების გასვლის შესახებ განაცხადა უკრაინულმა მხარემ.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, "გარკვეული შენაერთები" გადიან.
"რუსმა მტერმა ვერ მიაღწია შეტევითი ოპერაციის მიზანს", - ამბობენ გენშტაბში.
თუმცა ისინი აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ჯერ კიდევ არსებობს რუსული ჯარების სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის "მაღალი რისკი".
სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები შეაჯერა და რუსეთსაც წარუდგინა.