logo
ENG



თაბორის განაშენიანებას ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე გეგმავს - OSGF

29 მარ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
თაბორის განაშენიანებას ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე გეგმავს - OSGF
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

თაბორის მთის გასხვისებასთან დაკავშირებით ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ურბანულ ანალიზს აქვეყნებს. დოკუმენტში ასახულია ფაქტები და არგუმენტები, რომელთა უგულებელყოფითაც გასხვისდა უნიკალური საზოგადოებრივი სივრცე თბილისის შემოგარენში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერით ამ სივრცის განაშენიანებას ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი – ნოშრევან ნამორაძე გეგმავს. შპს კრწანისი როიალ რეზიდენსის დირექტორი სამშენებლო ბიზნესსაქმიანობას 2010 წლიდან ეწევა.

ის აცხადებს, რომ ათ წელზე მეტია კრწანისში პრემიუმ კლასის ვილებსა და აპარტამენტებს აშენებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით, ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე ირიცხება ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში. მისი სახელი უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული პირის, დავით კოდუას ცემასა და მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, 2014 წელს. დანაშაულის ჩადენა მან თავად აღიარა, არაერთ მედიასაშუალებასთან. ამის შემდეგ ის სასამართლომ გირაოს გადახდის გზით გაათავისუფლა.

ფონდი წერს, რომ ნამორაძე ითხოვს მისი კომპანიისთვის უფრო მეტი ტერიტორიის გადაცემას, რათა შეძლოს განახორციელოს კონცეფცია, რომელიც, მისივე განცხადებით, "უნიკალურია და გამორჩეული თბილისისთვის".

"ამ სუბიექტური შეფასების მიღმა, ნამორაძეს არ წარმოუდგენია არავითარი დეტალური, კვლევებით გამყარებული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო მიწის გასხვისების აუცილებლობას დაასაბუთებდა", - წერს ფონდი ღია საზოგადოება. 

ფორმულამ თებერვალში ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს თაბორის მთაზე ორი მილიონი კვადრატული ტყის მასივი გადასცა.  

თბილისის გენგეგმის მიხედვით მთლიანად თაბორის მთა სატყეო სტატუსის ქვეშაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ მშენებლობა ნებადართული არ არის. სატყეო ზონის გარდა, ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ლანდშაფტური ზონის სტატუსსაც ატარებს. 

თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ 2 მილიონი კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი ეკონომიკას დამკვიდრებული პრაქტიკის საფუძველზე გადასცეს. ქონების მართვის სააგენტომ ფორმულას თებერვალშივე დაუდასტურა, რომ თაბორის მთა კარგი საინვესტიციო გარემოა და კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის ტერიტორია გაასხვისოს.


close დახურვა