რუსული კრიტიკული არხის "დოჟდის" წამყვანებმა, ეკატერინე კოტრიკაძემ და ტიხონ დიადკომ ფორმულას მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ ტელეკომპანიის ბაზაზე დაიწყეს გადაცემების გაშვება.
"საჭიროა სამადლობელი სიტყვა ვუთხრათ ჩვენს კოლეგებს ტელეკომპანია ფორმულადან, რომელთა წყალობით ჩვენ ვართ აქ. აქ არის კამერები, აქ არიან წამყვანები, არიან კადრს მიღმა ადამიანები, ოპერატორები, ხმის რეჟისორი, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა გარეშეც არაფერი იქნებოდა. მადლობა ფორმულას, ეს არის ჩვენი სტრიმის წარმატების ფორმულა", - განაცხადეს წამყვანებმა ეკატერინე კოტრიკაძემ და ტიხონ დიადკომ 29 მარტის გადაცემის მსვლელობისას.
ისინი ბოლო ორი კვირაა, სამშაბათს და ხუთშაბათს YouTube არხის (Котрикадзе Дзядко) მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უშვებენ გადაცემებს. სამშაბათს, 21:00 საათზე გადის გადაცემა "Котрикадзе Дзядко", ხუთშაბათს კი, ასევე 21:00 საათზე "დოჟდის" კიდევ ერთი ჟურნალისტის, ანა მონგაიტის გადაცემა "Вся такая Монгайт".
დოჟდის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ქმართან, დოჟდის მთავარ რედაქტორთან, ტიხონ დიადკოსთან ერთად საქართველოში 7 მარტს ჩამოვიდა.
ტელეარხმა მაუწყებლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურის გამო შეწყვიტა - პუტინის რეჟიმის გადაწყვეტილებით, მედიებს აეკრძალათ სიტყვა ომის გამოყენება და სამთავრობო წყაროების გარდა სხვა ინფორმაციის გაშუქება.