შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ძალადობრივ, პრორუსულ ალტ-ინფოსთან და პოლიტიკურ მოძრაობა ქართველ კონსერვატორებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ კრემლისგან მართულ პარტიაში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე სუს-ის მოქმედი თანამშრომლები მუშაობენ. ერთ-ერთია ბესო წულაია, რომელიც ხონში კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნის შემდეგ ადგილობრივებს, ალტ-ინფოს სხვა წევრებთან ერთად დაუპირისპირდა. წულაია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რუსული იდეოლოგიის გავრცელებაში, სამეგრელოს მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ მას სხვა ძირითადი სამსახურიც აქვს - ის სუს-ის და დაზვერვის ე.წ. ღრმა დაშიფვრის ოფიცერია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვიდასტურებს წულაიას სუს-ში მუშაობას, თუმცა ამბობენ, რომ ის დაკავებული პოზიციიდან 2016 წელს გაათავისუფლეს. წულაია კი ამბობს,რომ სუს-ი საკუთარი სურვილით, რამდენიმე წლის წინ დატოვა.
წყარო გვიყვება, რომ მისი სახელი საქართველოში ჩატარებულ ბევრ სპეცოპერაციას უკავშირდება. შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ პუტინისტური იდეოლოგიის რუპორი ისევ სუს-ში მუშაობს. ქართული ოცნების სამსახურში ყოფნას ისიც ადასტურებს, 2021 წელს მან დევნილთა სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად მიიღო ბინა დირსის საცხოვრებელ კორპუსში. შაბათის ფორმულამ გამოძიება დირსში ქართული ოცნების ერთგულებისთვის გადაცემულ ბინებზე რამდენიმე თვის წინაც ჩაატარა, სწორედ ამ კორპუსში ბინა ვანო მერაბიშვილის ბადრაგმაც მიიღო, რომელიც მისი საკნიდან გაყვანის საქმეში მონაწილეობდა.
ასევე, აქტიურ რუსულ პროპაგანდას, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი ანდრია ფარცხალაძე ეწევა, ორგანიზაციის - სოლიდარობა მშვიდობისთვის სახელით. ეს ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევას და ამ თემაზე რეფერენდუმის მოთხოვნას. ორგანიზაციის ყველა უკანასკნელი აქტივობა სოციალურ ქსელებში, ამ საკითხს უკავშირდება. თავად ყოფილი გენერალური პროკურორის შვილი კი რუსულ ორგანიზაციაში განათლების ე.წ. ექსპერტია. ანდრია ფარცხალაძე ლექციებს იმ საკთხზე ატარებს, როგორ დააქცია ყოფილმა ხელისუფლებამ განათლების სისტემა. ანდრია ფარცხალაძემ შაბათის ფორმულასთან საუბარი არ ისურვა.
ქართული ოცნების ალტინფოსთან პირდაპირი კავშირები გამოიკვლია ანტიკორუფციულმა მოძრაობამაც.
როგორ სწირავენ უკრაინაში რუსული აგრესიის პარალელურად თანხას კონსერვატიულ მოძრაობას, ქართულ ოცნებასთან აფელირებული და სოციალურ ქსელებში მათი პროპაგანდის გამავრცელებელი ბიზნესმენები საჯარო მოხელეები თუ სტუდენტები - ასეთი აღმოჩნდა 51 ადამიანი, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ თანხა შესწირა კონსერვატიულ მოძრაობას და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან.
ერთ-ერთი ასეთი შემომწირველი ალტინფოსა და ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი ბიზნესმენი გია გოთუაა, რომელსაც დღეს მიმდინარე ტენდერი აქვს მოგებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მთლიანად კი 12 მილიონამდე აქვს სახელმწიფოსგან ტენდერების სახით მიღებული და ამასთან 52 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვებით.