სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საიტზე განთავსებული ინფორმაცია არ წაშლილა, შენახულია და საიტის რეკონსტრუქციის გამო დროებით არაა ხელმისაწვდომი.
სამსახურის ინფორმაციით, საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კვლავ აისახება საიტზე.
„www.sis.gov.ge - გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია”, – წერია განცხადებაში.
დღეს, ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, განაცხადა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებისთვის შექმნილი ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია წაშალა.
თოლორაიას განცხადებით, წაშლილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები. მისი თქმით, ვებგვერდი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი.
***
15 თებერვალს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია.
საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის უწყებას - ლელა ჯანაშვილი.
კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო.
აღნიშნული ორი უწყება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალეს.
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.
გასული წლის დეკემბერში ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ამოეწურა.