logo
ENG



გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს

03 აპრ 202211:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/zmfp4gnsuhnlkil.jpg
Gleb Garanich / Reuters

გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.

Reuters-ის ჟურნალისტების თქმით, ბუჩაში, რომელიც დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ქუჩაში ცხედრები ნახეს, ეკლესიის ტერიტორიაზე კი ღია სასაფლაოა.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით ქვეყანამ ომი დაწყების შემდეგ პირველად დაიბრუნა სრული კონტროლი კიევის რეგიონზე.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კი აცხადებს, რომ ბუჩაში დახვრეტილ მშვიდოებიან მოქალაქეებს ხელები შეკრული ჰქონდათ. ისინი არც შეიარაღებულები იყვნენ და არც საფრთხეს წარმოადგენდნენ რუსეთისთვის. 

“ბუჩა, კიევის რეგიონი. ადამიანების გვამები შეკრული ხელებით, ვინც რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს, ქუჩებში წვანან. ეს ადამიანები არ იყვნენ სამხედროები. მათ არ ჰქონდათ იარაღები. ისინი საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. კიდევ რამდენი ასეთი შემთხვევა ხდება ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“,  - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესკიმ ახალ ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, რუსები ტერიტორიებს და დაღუპულების სხეულებსაც ნაღმავენ.

„ისინი მთელ ტერიტორიას ნაღმავენ, სახლები დანაღმულია, შენობები დანაღმულია, დაღუპული ადამიანების ცხედრებიც კი დანაღმულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

უკრაინის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, 1 დღეში  დედაქალაქის დასავლეთით მდებარე სოფელ დმიტრივკაში 1 500-ზე მეტი ფეთქებადი მოწყობილობა იპოვეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის შეძრწუნებულია ბუჩაში ჩადენილი სისასტიკით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულების შესახებ გამოძიების დაწყებას.

 

close დახურვა