უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონზე შეტევისთვის ემზადებიან.
უკრაინის ცნობით, ისინი ახლა გადაჯგუფდებიან და პოზიციებს აკვირდებიან. მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა.
"რუსი ჯარისკაცების მთავარი ძალისხმევა დონეცკის რეგიონში უკრიანული ძალების "თავდაცვის გარღვევაა". ისინი ასევე ცდილობენ მარიუპოლის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარონ. რუსული ძალები განაგრძობენ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ხარკოვის დაბომბვას" - წერია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
უკრაინის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობის სწრაფად გადასატანად რკინიგზას იყენებენ. ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში კუპიანსკის რკინიგზის სადგურში იარაღები და სხვა აღჭურვილობა რუსეთის ქალაქი ბელგოროდიდან, ვალუიკის სადგურიდან ჩავიდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის სიახლოვეს ქალაქი ოსოკორივკა დაიბრუნეს.