logo
ENG



უკრაინის საელჩოს თქმით, რადას სპიკერმა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია

08 აპრ 202213:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

პარლამენტის პრესსამსახურმა ფორმულას განუცხადა, რომ მიწვევა არ მიუღიათ.

რუსეთის არმიისგან გათავისუფლებულ ბუჩას მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ქუჩაში დახვრეტილი იპოვეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოქალაქეების ნაწილი გაკოჭილი იყო, გარდა ამისა, დაფიქსირდა ქალებისა და მოზარდების გაუპატიურების შემთხვევები. უკრაინის ხელისუფლება ბუჩას ხოცვა-ჟლეტას გენოციდად აფასებს.

რუსეთი უარს ამბობს, ბუჩაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს და უკრაინის პროპაგანდას უწოდებს.


close დახურვა