logo
ENG



გახარია: ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს, თვითგადარჩენის პოლიტიკაა

09 აპრ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/09/qmjifajl7j4uasl.png

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ "თვითგადარჩენის პოლიტიკაა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებით არის განპირობებული". 

"საქართველოს მთავრობა, თითოეული ქართველი მოქალაქე მორალურად, ყოველთვის, იქ, სადაც შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ იმ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის, ჩვენი თავისთვის და ჩვენი მომავლისთვისაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გონიერება მდგომარეობს და უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც იქნება ეფექტური და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოახდენს ჩვენი ქვეყნის რეალურ ომში ჩათრევას.

ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა. ეს არ არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის თვითგადარჩენის პოლიტიკა, რომელიც განპირობებულია და რომელსაც განსაზღვრავს ერთი რამ - ძალაუფლების შენარჩუნება, არც ხალხზე არც ქვეყანაზე არც თავისუფლებაზე და არც ღირსებაზე ფიქრი". - თქვა გიორგი გახარიამ. 

საქართველოს მმართველი გუნდი უკრაინის ხელისუფლებას ენმ-ის წევრებს უკავშირებს, უკრაინის მხრიდან კრიტიკას კი "სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელს" უწოდებს. 

ასევე, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოს რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ სურვილი გამოთქვა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ეომათ. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ გაფრენის ნებართვა არ მისცა. მისი და ზოგადად, ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს ომში ჩართვას ნიშნავს. 

საქართველოს მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მმართველი გუნდის წევრები იმეორებენ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება. 

საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამორალური უწოდა და საქართველოდან ელჩი გაიწვია. 

ამასთან, საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც დასავლურ სანქციებს გამოექცნენ, არ ექმნებათ დაბრკოლებები საკანონმდებლო ან სხვა კუთხით. 

"არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 31 მარტს, როცა საბოლოოდ გააფორმა ელჩ იგორ დოლგოვის გაწვევა საქართველოდან. 


close დახურვა