ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, პუტინი და მისი რეჟიმი პასუხისგებაში მიეცემა.
"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას, შესაძლოა, გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის სასტიკი ესკალაცია და ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ" - წერს ტრასი Twitter-ზე.
Reports that Russian forces may have used chemical agents in an attack on the people of Mariupol. We are working urgently with partners to verify details.
Any use of such weapons would be a callous escalation in this conflict and we will hold Putin and his regime to account.
11 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე აზოვის ბატალიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მარიუპოლში უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. რუსებმა ის უპილოტო საფრენი აპარატით ჩამოაგდეს.
ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ.
მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის.