logo
ENG



მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

12 აპრ 202215:12
3 წუთის საკითხავი
clock 4112

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.

ის დღეს 17:00 საათზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. 

4 აპრილს მიშა მშვილდაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, როცა პრემიერმინისტრმა ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი იჩაგრება და ისჯება. მშვილდაძემ დაწერა:

"ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? - თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა"

დღეს მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ მის ამ პოსტს არაფერი მოჰყოლია და მხოლოდ სხვადასხვა სცენარის ნაწილია, რომელსაც მოქალაქეები განიხილავენ.

"ფაქტია, რომ არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: "აბა რა ვქნათ"- მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებეს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება". - ამბობს მშვილდაძე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო.

მაშინ სუს-მა განაცხადა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მათ ხელთ "არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს"

ამასთან, 2021 წლის 3 ნოემბერს სუს-მა განაცხადა, რომ "სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".


close დახურვა