ენმ-ის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, უკრაინაში ოპოზიციის დელეგაცია ცალკე წავა, ხელისუფლების - ცალკე.
დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო "გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა - ალოგიკური".
"მაგრამ, ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი". - თქვა დეკანოიძემ.
ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების ბუჩაში ჩასვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი, სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად უკრაინაში მიიწვია რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულების "საკუთარი თვალით სანახავად".
თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა სტეფანჩუკის მიწვევას "არასათანადო" უწოდა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია.
მმართველი პარტიის ამ განცხადებების შემდეგ, 9 აპრილს ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოსახატად თავად ჩავიდოდნენ.
მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური პარტიები უკრაინას ერთობლივი ვიზიტით ესტუმრონ.
თუმცა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.