logo
ENG



უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების დეტალებს ყვება

13 აპრ 202222:30
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების დეტალებს ყვება

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ივან ბაკანოვი პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების ოპერაციის დეტალებს ყვება.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა. 

"ეს ნამდვილად რთული და საშიში ოპერაცია იყო მისი ბევრი მონაწილისთვის, რომელიც სამხედრო პირობებში დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდა. პრეზიდენტმა მოგვცა მითითებები, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა ეს შეგვესრულებინა და მედვედჩუკი მოგვეძებნა. ჩატარდა უამრავი ანალიტიკური და ოპერატიული სამუშაო, რომელიც წარმატებით დასრულდა". - ამბობს ბაკანოვი

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ არა თავად ვიქტორ მედვედჩუკი, არამედ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური მუშაობდა, რომელიც პუტინის ნათლიმამის საზღვარგარეთ გაყვანას ცდილობდა. 

"რუსულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს თავიანთი ოპერაცია მედვედჩუკის ჯერ დნესტრისპირეთში, შემდეგ კი მოსკოვში გადასაყვანად. ამის განხორციელებაში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და კორუმპირებული სამართალდამცავებიც კი იყვნენ ჩართული". - თქვა ივან ბაკანოვმა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "რუსულმა ფბს-მ თავისი გეგმების შესანიღბად გამოიყენა ყველა შესაძლებელი გზა: გაავრცელა დეზინფორმაცია, შეეცადა, შეექმნა ყალბი მარშრუტი პოლიტიკოსის ევაკუაციისთვის და დაეტოვებინა ყალბი კვალი უკრაინის დაზვერვისთვის, ყურადღების გადასატანად შექმნა ფსევდო, ყალბი მედვედჩუკებიც კი".   

"ფაქტობრივად, მათ უნდოდათ მედვედჩუკის უკრაინის საზღვარზე გადაყვანა უკრაინის სამხედრო შეიარაღებული ძალების საფარქვეშ, შემდეგ - გემით ტრანსპორტირება დნესტრისპირეთის მოლდოვურ რესპუბლიკაში, სადაც მას ფსბ-ის სპეციალური დავალებით შეკრებილი საევაკუაციო ჯგუფი დაელოდებოდა. მათ მედვედჩუკი მოსკოვში უნდა წაეყვანათ. მაგრამ უკრაინის დაზვერვის დამსახურებით, ეს გეგმა ვერ განხორციელდა". - ამბობს ივან ბაკანოვი

მისი განცხადებით, კონტრდაზვერვამ შეისწავლა ათობით ვერსია, შეძლო რეალური მარშრუტის დადგენა და მიაკვლია ფსბ-ის საევაკუაციო ჯგუფის ადგილს. 

სწორედ ამან გახადა შესაძლებელი მედვედჩუკის დაკავება გზაზე, კიევის რეგიონიდან გასვლის დროს. 

ბაკანოვის თქმით, ვიქტორ მედვედჩუკის დაკავება სიგნალია მოღალატეებისთვის, რომ პასუხი ყველა მათგანს მოეთხოვება. 

უკრაინაში რადა პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. 

ის სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა. 

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში პრორუსული იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. 


close დახურვა