შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული, სანქცირებული ავიაკომპანიის სერტიფიკატებს აღიარებენ. კერძოდ, ავიაკომპანია იზი ჩარტერის მფრინავებმა მომზადება მაჰან ეარის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში დაბლოკილია.
მაჰან ეარი შეერთებულმა შტატებმა 2011 წელს სანქცირებულთა სიაში მოახვედრა. მიზეზი, ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის ჰეზბოლას მხარდაჭერა იყო: "შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 2011 წელს დაადო სანქცია მაჰან ეარს, ისლამური სახელმწიფოს ელიტური დაჯგუფებების ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. ხაზინამ ასევე დაადანაშაულა მაჰან ეარი იარაღის, პროდუქტისა და პერსონალის გადაზიდვაში ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლასთვის".
მაშინ, როდესაც იზი ჩრტერისთვის ტერორისტებთან დაკავშირებულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის გამო შენიშვნაც არ მიუციათ, სხვა კომპანიებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. თითქმის 2 თვეა ეარ ჯორჯიამ პირველად შემოიყვანა ავიალაინერი, რომელიც თბილისიდან ტრანსკონტინენტალურ ფრენებს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს. კომპანია მზად არის - ერთადერთი, რაც ფრენების დაწყებას აფერხებს, ნებართვის გაცემაა.
მაი ვეის იურისტის თამარ მამფორია იმ ზარალზე გვიყვება, რომელიც ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო ნახა. რამდენიმე თვის წინ, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ მაი ვეისთვის ფრენის უფლება შეეჩერებინა, ბრძანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტებით გაუქმდა.
შაბათის ფორმულას შეკითხვებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ უპასუხეს. ანტიკორუფციულ მოძრაობაში, კი სადაც ამ საკითხს იკვლევენ, განმარტავენ, რომ სააგენტო მიზანმიმართულ ლობიზმს ეწევა. ფრენის ნებართვების უკონტროლოდ გაცემა და პრივილეგირებული კომპანიების არსებობა ქართულ ავიაციას აზიანებს, ტერორისტებთან დაკავშირებული კომპანიებთან თანამშრომლობა კი, სპეციალისტების განმარტებით, მთელი ქვეყნის რეპუტაციული ზიანია.