რუსეთმა ალყაში მყოფ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება მოსთხოვა და დრო 13:00 საათამდე მისცა.
ულტიმატუმის პარალელურად რუსეთი მარიუპოლზე გამანადგურებელ შეტევას აგრძელებს.
რუსული სამთავრობო მედიის, რია-ს ცნობით, "უკრაინის შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა და უცხოელმა დაქირავებულებმა, გამონაკლისის გარეშე, დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, უნდა დატოვონ ტერიტორია ყოველგვარი იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე".
16 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინელ სამხედროებს გაანადგურებს, ეს ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს.
ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.
რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ.
მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა.
უკრაინა მათი სამხედრო ძალით დახმარებას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება.