logo
ENG



ხოშტარია: რუსულმა კომპანიამ ქართული გერას მეშვეობით ესტონელებს ჰონორარის გადახდა შესთავაზა

20 აპრ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული კომპანიის მეშვეობით სანქციებისგან თავის არიდების კონკრეტული მექანიზმისა და შემთხვევის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაცია რაომ ესტონურ კომპანიას ჰონორარის გადახდა ქართული კომპანია გერას გავლით შესთავაზა. მისი მტკიცებით, რუსულმა კომპანიამ ესტონელ კოლეგას ამის შესახებ წერილი მისწერა.

ხოშტარიამ წერილის შინაარსზე ისაუბრა:

"მინდა, ციტირება მოვახდინო ამ წერილის: უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან და რუსული ბანკებისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, რაოს პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. გვსურს, შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხირივი ჰონორარის გაცვლის გზა - საქართველოში ჩვენი პარტნიორი გერა

საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად, გერას შეუძლია მიიღოს გადახდები რუსულ რუბლებში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარში. (ანუ გერას მეშვეობით რუსეთის კომპანია, რომელიც არის სანქცირებული, სთავაზობს ესტონელებს, რომ თავი აარიდონ სანქციებს). ვინაიდან, გერას აქვს ორმხირივი წარმომადგენლობითი ხელშეკრულება რაოსთან, მზად ვართ, გამოგიგზავნოთ ყველა გადასახადი ამ კომპანიის მეშვეობით. ჩვენი წინასწარი მოლაპარაკებების ფარგლებში გერამ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს შემოთავაზებული გადაწყვეტის განხორციელებას დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე", - ხოშტარიას თქმით, ნათქვამია წერილში.

ის მოუწოდებს მთავრობას, შეისწავლოს ეს კონკრეტული შემთხვევა და შეცვალოს კანონმდებლობა.


close დახურვა