logo
ENG



შესაძლოა, ფარული თვალთვალისა და მიყურადების ვადები გაიზარდოს - ოცნების კანონპროექტი

20 აპრ 202215:16
3 წუთის საკითხავი
clock 869
2022/04/20/4j5r9ma4k5ur6tf.jpg

ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ირაკლი ბერაიამ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და რატი იონათამიშვილმა შეადგინეს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ თავში, კონკრეტულად 143მუხლის​ მე-12 პუნქტში ვადებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას ითხოვენ. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.

იმ შემთხვევაში კი თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს 2 თვის ვადით.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა კი, მოქმედი კანონმდებლობით, შეიძლება საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვით გაგრძელდეს. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება კი დაუშვებელია.

დეპუტატების შედგენილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების 3 ეტაპად ჩატარება გახდება შესაძლებელი, თითოეული 3-თვიან ვადას ითვალისწინებს, ხანგრძლივობა კი საერთო ჯამში 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

თუმცა, იმ შემთხვევისთვის თუ პირველ ეტაპით გათვალისწინებულ 3-თვიან ვადაში შესაბამისი მიზანი ვერ მიიღწევა, პროკურორი უფლებამოსილია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესის მეორე ეტაპით დადგენილი არაუმეტეს 3 თვის ვადით გაგრძელებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს.

თუ ამ მიზნის მიღწევა მეორე ეტაპის ვადებშიც ვერ ხერხდება ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელებაზე.

იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპზეც ვერ იქნა მიღწეული საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელებაზე.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ზოგიერთი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებისას ამავე შესწორების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, შესაძლოა, იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც იარსებებს ამის საჭიროება.

ეს ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421 , 143-ე-1432 , 144-ე-1443 , 155-ე, 1571 , 194-ე, 1941 , 223-ე-226-ე, 230-ე- 232-ე, 234-ე-2351 , 2391 , 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551 , 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211 , 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431 , 345-ე, 346-ე, 404-ე- 413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობას.

ამ ტიპის დანაშაულების შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა თითოეულ ჯერზე შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.

იმ ადამიანისთვის კი ვის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, გამოძიების შესახებ შეტყობინების გადავადება, ამ შესწორების მიხედვით, იმდენჯერ იქნება შესაძლებელი, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება.

ამის მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებს.

ეს იმ შემთხვევებზე გავრცელდება თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421 , 143-ე-1432 , 144-ე-1443 , 155-ე, 1571 , 194-ე, 1941 , 223- ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე-2351 , 2391 , 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551 , 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262- ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211 , 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431 , 345-ე, 346- ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდება.

„ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით, თითოეულ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.“ - წერია კანონპროექტში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეებია:

-   სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

-   ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

-   გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;

-   საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;

-   ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება;

- ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.


close დახურვა