logo
ENG



"ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შევიტანეთ" - ოცნება 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

21 აპრ 202212:00
3 წუთის საკითხავი
 

"ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია" - ქართული ოცნება დაფუძნებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მმართველი გუნდი განცხადებაში იმ მიღწევებზე საუბრობს, რომლებიც მათი აზრით, ქვეყანას მოუტანეს.

განცხადებას გთავაზობთ სრულად:

"დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა ჩვენი პარტიის - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფიციალურად დაფუძნებიდან. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა.

არსებობის 10 წლის მანძილზე, "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. 2012 წლიდან დღემდე, "ქართულმა ოცნებამ" ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით და პარტიის იუბილეს ვულოცავთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ათასობით წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში - ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; დანერგილი იყო ე.წ. ელიტური კორუფციისა და ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა; სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაცვის არავითარი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის რაიმე ქმედითი სისტემა; 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.

აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პირველივე წლებში 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი.

აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება. მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს. სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება. სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ - საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.

5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ - გირაოს თანხის საერთო ოდენობა. 2014 და 2020 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2012-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდიდან 60 მილიარდამდე გაიზარდა. 8 მილიარდიდან 19,5 მილიარდამდე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები.

აღიკვეთა ე.წ. ელიტური კორუფცია - ყველა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 3-ჯერ გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სამუშაოების მოცულობა. განხორციელდა 300 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება. ამოქმედდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 350 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, შეჩერდა საქართველოს მოსახლეობის კლება. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვა ქმედითი მექანიზმები. 3-ჯერ გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ასევე, გასამმაგდა განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი.

საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც ჩვენმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს 2012 წლის შემდეგ მოუტანა. ბუნებრივია, მიღწევებთან ერთად, იყო არაერთი შეცდომა და ხარვეზი. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, "ქართულ ოცნებას" არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. ესენია - ღირსება, თავისუფლება და სოლიდარობა, პატრიოტიზმი და ეკლესიის პატივისცემა, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ ამ პრინციპებზე დააფუძნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა და ამით შექმნა მყარი საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული გარდატეხისა და საქართველოს ღირსეული განვითარებისათვის.

ქართული ოცნება ჩვენთვის ორ უმთავრეს მიზანშია გამოხატული:

პირველი - ეს არის ერთიანი საქართველო, საქართველო, რომელიც მშვიდობიანი გზით იბრუნებს არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებსაც. ეს არის საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს ერთმანეთისადმი სიყვარული. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ოცნება ერთიან საქართველოზე აუცილებლად ახდება;

მეორე - ეს არის საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში და ყველა ოჯახი ცხოვრების ღირსეული პირობებით არის უზრუნველყოფილი.

დღეს, საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხი ეკონომიკის განვითარების ხარისხს მნიშვნელოვნად უსწრებს წინ, ასეთ დროს კი, საზოგადოების აღქმაში დემოკრატიასაც ნაკლები ფასი აქვს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით 2021-27 წლებში მსოფლიოში მესამე, ევრაზიის კონტინენტზე კი - პირველი ქვეყანა იქნება. 2027 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 9,200 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის, იმავე ტენდენციით, 12,500 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს. აქედან ჩანს, რომ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მინიშნება 2030 წელზე კონკრეტულ გათვლებზე იყო დაფუძნებული და ამ გათვლებს მყარი რაციონალური საფუძველი ჰქონდა.

საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და სხვა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ამაზე ოცნებობს თითოეული ქართველი, რომლისთვისაც სიტყვა სამშობლო ძვირფასი და ღირებულია. გვჯერა, რომ ქართული ოცნება ერთიან და ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება!

საზოგადოების მხარდამხარ, ამ ოცნების ასახდენად ჩვენი პარტიის ერთ მუშტად შეკრული გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, გააგრძელებს ბრძოლასა და შრომას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ " - ნათქვამია ოცნების განცხადებაში.


close დახურვა