logo
ENG



10 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შემოტანისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნეს

21 აპრ 202221:58
3 წუთის საკითხავი
clock 1339
2022/04/21/bifhvxvzhzgckjw.png

საკონსტიტუციო სასამართლომ გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში შემოტანისთვის სანქცია – თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. 

21 აპრილის სხდომაზე პლენუმმა დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენება "არაპროპორციული სასჯელია და არღვევს არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს".

სადავო ნორმა გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავდა თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების), საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით, რაც ასევე ემსახურებოდა სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე განმარტა, რომ მარიხუანის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი გამომშრალი მარიხუანის ოდენობები (6,4 გრამი, 6,7 გრამი და 9,68 გრამი) აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

საკონსტიტუციოს რელიზში ასევე ნათქვამია, რომ სარჩელის ავტორები აპელირებდნენ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ,  მაშინ არაკონსტიტუციურად სცნეს პატიმრობის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო.


close დახურვა