logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმა

23 აპრ 202214:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/zcw3ow0gn213led.jpg

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი გააუქმა. ე.წ. მეორე ტური 28 აპრილს იყო დანიშნული.

როგორც ადგილობრივი გამოცემა RES წერს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს სარჩელით სამმა მოქალაქემ მიმართა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ დე ფაქტო ცესკოს გადაწყვეტილებას, მეორე ტური 28 აპრილს ჩანიშნულიყო. გადაწყვეტილების მიხედვით, დე ფაქტო ცესკო ვალდებული იქნება, არჩევნების თარიღი კვირა დღეს დაამთხვიოს. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა. 

ის დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, აშშ-მ, უკრაინამ, გერმანიამ, ლიეტუვამ და ლატვიამ. ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ე.წ არჩევნებს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

დე ფაქტო ცესკოს შედეგების თანახმად, ვერც ერთმა კანდიდატმა, მათ შორის ამჟამინდელმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო, რის გამოც მეორე ტური ჩაინიშნა. 

ე.წ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დეფაქტო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი ბიბილოვი და პარტია "ნიხასის" ლიდერი, ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.


close დახურვა