შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქე, რომელიც თბილისის სხვადასხვა შენობაზე გაურკვეველი წარმომავლობის სტენსილს ხატავდა, იდენტიფიცირებულია.
"სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს", - განუცხადეს ფორმულას შსს-ში.
გარდა ამისა, შსს-ს თქმით, "ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც ფალიაშვილის გამზირზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა".
ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში სხვადასხვა შენობებზე სტენსილი გაჩნდა, რომელმაც მოქალაქეებში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრი ქუჩის მხატვარი აცხადებდა, რომ მათთვის უცნობია ამ გრაფიტის მნიშვნელობა ან მისი ავტორი, ზოგიერთი მოქალაქე კი მიიჩნევს, რომ ამ სტენსილში, შესაძლოა, რუსეთის დივერსანტების ხელი ერიოს, რადგან მათი თქმით, მსგავსი ნიშნები უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა.