logo
ENG



ლელო ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

27 აპრ 202212:02
3 წუთის საკითხავი
 

ლელო ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

პარტიის კითხვები 25 აპრილს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს შეეხება, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

"ჩვენი ინტერპელაციის შეკითხვა შეეხება ძალიან კონკრეტულ საკითხს. რა ადმინისტრაციული და სამართლებრივი ნაბიჯები და ღონისძიებები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება. ინტერპელაციის წესის თანახმად, პრემიერმინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტში, ამიტომ ღარიბაშვილს ძალიან გაუჭირდება თავი აარიდოს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას"- თქვა პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე.

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია "სისტემაში" ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს"

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა