logo
ENG



ღარიბაშვილი: უკრაინელ მეგობრებს ვუთხარით, რომ აქ ომი არ იქნება, შემდეგ დაიწყო ბრალდებები

27 აპრ 202216:22
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ "უსაფუძვლო ბრალდებები" მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აქ "არავითარი მეორე ფრონტი" არ იქნება.

მისი მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლების სურვილია "მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა".

"თქვენთვის საინტერესო სკანდალურ განცხადებას გავაკეთებ და მომისმინეთ ყურადღებით: მინდა ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა და განვუმარტო, მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. მას შემდეგ, რაც მე და ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, რომ ჩვენს მათ შორის უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო მთელი ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი.

გახსოვთ, ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შემდეგ ბრალდებები რაღაც რძეზე და ყველზე და ახლა უკვე ხორბალი, ამას დაემატა პირდაპირი აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა"- ამბობს ღარიბაშვილი.

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევა თავის დროზე სანქციებზე საქართველოს "ამორალური პოზიციით" ახსნა.

ომის დაწყებიდან მალევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავად თქვა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის რუსული ბაზარი "შესაძლებლობაა.

ორი დღის წინ, 25 აპრილს კი გავრცელდა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია "სისტემაში" ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს"


close დახურვა