logo
ENG



ნანა ჯანელიძე კინოაკადემიის მიერ ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმებას ემიჯნება

29 აპრ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, რომელმაც სალომე ჯაშის ფილმ მოთვინიერების ჩვენებები გააუქმა. 

ჯანელიძე, რომელიც კინოაკადემიის წევრია, ამბობს, რომ თუ ჩვენების გაუქმება კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, მის წევრობაზე უარს იტყვის.

"ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე", - წერს ჯანელიძე ფეისბუქზე.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კინოაკადემიამ ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა. 

დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ასახავს საქართველოს სანაპირო ზოლიდან მასიური და უძველესი ხეების მდიდარი და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, კერძო ბაღში გადატანის პროცესს.

ჯაში აცხადებს, რომ კინოაკადემიამ 28 აპრილის ჩვენების გარდა ყველა სეანსი გააუქმა, რის მიზეზადაც კინოაკადემიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, "რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".


close დახურვა