ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემაში სანაია განაცხადა, რომ 2017 წელს ქართული ოცნების რაიონულმა ორგანიზაციებმა მმართველი პარტიისგან იმ მხარდამჭერების იდენტიფიკაციის დავალება მიიღეს, ვინც Facebook-ზე ვლადიმერ პუტინზე ცუდს წერდა.
ფოფხაძის თქმით, ოცნების ცენტრალურმა ოფისმა ასეთი მხარდამჭერების განეიტრალება ან მათთან საუბარი და მუშაობა მოითხოვა, რათა პუტინზე ცუდი აღარ დაეწერათ.
„ეს არის 2017 წლის პარტიული დავალება, რომელიც ოფიციალურად მიიღეს ქართული ოცნების რაიონულმა ორგანიზაციებმა, რომ გამოვლინდეს ქართული ოცნების მომხრეებს შორის ადამიანები, რომლებიც ფეისბუქზე პუტინზე ცუდს წერენ და მოხდეს ამ ადამიანების განეიტრალება ან მათთან საუბარი და მუშაობა, რომ მათ პუტინზე ცუდი არ დაწერონ. ეს დავალება გასცა ქართული ოცნების ცენტრალურმა ოფისმა,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ, ფორმულას ეთერში.
ფოფხაძის თქმით, ამ განკარგულებას პარტია მშვიდობის მიზნით ასაბუთებდა. დავალების შემსრულებელი და მაკონტროლებელი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო.