logo
ENG



6 წლის ბავშვის წამებისთვის დაკავებულ დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდეს

20 ივნ 202113:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის სწორედ პატიმრობას ითხოვდა. 

საქმე 6 წლის ბავშვს ეხება, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად ფორმულამ გაავრცელა. 

მასზე დედა და მამინაცვალი სისტემატურად, სასტიკად ძალადობდნენ. 

ფოტოებზე, რომლებიც ფორმულას მიაწოდეს, ჩანს, რომ ბავშვს კიდურები აქვს გაკოჭილი, დამწვარი აქვს ხელები, სხეულზე აქვს ლურჯი ლაქები. 

შემზარავი ფოტოები ხელში დედის მეგობრებს შემთხვევით ჩაუვარდათ და დახმარება ტელეკომპანია ფორმულასგან ითხოვეს.

მათი თქმით, ძალადობის მსხვერპლს ბავშვს ფოტოებს დედა უღებდა.

ისინი ამბობენ იმასაც, რომ ბავშვის ცემას ქალს მისი ქმარი აიძულებდა.

"აიძულებდა, რომ ეცემა წყლის ბოთლით, რომელიც არ ტოვებდა სილურჯეებს, ოღონდ სამწუხაროდ ბავშვს სილურჯეებზე მეტი კვალი აქვს. ნათლიას ინფორმაცია ჰქონდა ამ ბავშვის ცემის შესახებ, თუმცა მერე დედისგან იცოდა, რომ მსგავსი აღარაფერი ხდებოდა. ერთ-ერთ წაყვანაზე ბავშვი ნათლიას სთხოვდა, რომ უკან დედასთან არ წაეყვანა. ბავშვი სკოლაში უნდა დადიოდეს მაგრამ არ დადის". - ამბობს დედის ერთ-ერთი მეგობარი. 

კიდევ ერთი მეგობარი აცხადებს, რომ ბავშვის ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ვერ იცნო, რადგან მცირეწლოვანი "ძალიან გამხდარი იყო". 

მოძალადე მშობლები 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა