იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კაშიდა აცხადებს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება იაპონიის ოფიციალური პირებისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით "სრულიად მიუღებელია".
"რუსეთის შეჭრა უკრაინაში საერთაშორისო სამართლის, ხოლო უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობით მკვლელობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაულია", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
კაშიდას თქმით, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი.
"რუსულმა მხარემ სამხედრო საშუალებებს მიმართა და ეს ვითარება გამოიწვია. იაპონია-რუსეთის ურთიერთობების რღვევაზე მთლიანად რუსული მხარეა პასუხისმგებელი", - განაცხადა კაშიდამ.
გუშინ, რუსეთმა იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კაშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. იაპონიამ შეაჩერა ვიზების გაცემა და აქტივები გაუყინა მათ, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას.
ამასთანავე, იაპონიამ დონეცკიდან და ლუგანსკიდან ექსპორტი და იმპორტი, რუსული ობლიგაციების გამოცემა და იაპონიაში ბრუნვა აკრძალა.
გარდა ამისა, იაპონიამ რუსეთის 398 მოქალაქეს ქონება გაუყინა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2 შვილი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი მოხვდნენ.