ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება. ამაზე მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ ბოლოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, "საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა" იგრძნო.
"ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, რომ დავრჩე არის ის, რომ საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, რომ ქვეყანა დაინგრა და მთელი ქვეყანა ჩემ წინააღმდეგაა, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი. იმდენად მცირე ნაწილი, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვერ ვიგრძენი. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა"- თქვა ცერცვაძემ.
4 მაისს, თენგიზ ცერცვაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თანამდებობის დატოვებას ფიქრობს. როგორც ის თავის წერილში აღნიშნავდა "გულნატკენი და შეურაცხყოფილი" იყო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერცვაძეს თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების გამო სურდა.