logo
ENG



ენმ-ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, სააკაშვილს თავდებში უდგებიან

10 მაი 202212:40
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება და პარლამენტს სთავაზობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უცხოეთში გადაიყვანონ, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ქვეყანაში დაბრუნდება.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამის გარანტორები თავად იქნებიან.

როგორც ენმ-ს წევრები ამბობენ, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

"თავდებობა არის პოლიტიკური განაცხადი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხი არ არის მხოლოდ სამართლებრივი ასპექტი. მე მოვისმინე უმრავლესობის განცხადებები, რომ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი საჯარო პოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის არაადამიანური მოპყრობის ობიექტი, მისი ჯანმრთელობა არის დარტყმის ქვეშ და საფრთხეა. ამიტომ, ეს არის პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხი და ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამოწვევა"- ამბობს ხატია დეკანოიძე.

დღეს ასევე ბრიფინგი გამართა დეპუტატმა თამარ კორძაიამ და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა შესთავაზა.

"თუ ხელისუფლება არ ენდობა ქართველ ექიმებს, არც სახალხო დამცველის კონსილიუმს, არც ემპათიის მიერ დადებულ დასკვნას, არც მის მიერ შექმნილ ექიმთა კონსიულიუმებს, მოვუწოდებ, ჩამოიყვანოს შესაბამისი სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც გასცემენ მთავარ შეკითხვაზე პასუხს - არის თუ არა დღეს მიხეილ სააკაშვილი წამებისთვის გათანაბრებულ გარეემოში და შესაძლებელია თუ არა, ამ გარემომ მიაყენოს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ზიანი"- თქვა კორძაიამ.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს. 

 


close დახურვა