logo
ENG



იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანას სთავაზობს

10 მაი 202213:37
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანას სთავაზობს.

როგორც მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილს კლინიკაში "საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა" ჩაუტარდება. ბრეგაძემ ეს შეთავაზება "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების" მიზეზით განმარტა.

"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს სრულფასოვან მკურნალობაზე.

იგი საკვებსაც იღებს შერჩევით და ბუნებრივია, ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას., ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო ვმოქმედებთ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით გაუკეთდება შეთავაზება, გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივამედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა" - თქვა ბრეგაძემ.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს.


close დახურვა