ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა და ქვეყნის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ბლინკენი ბოლო დროს ისრაელსა და პალესტინას შორის მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ბლინკენის თქმით, ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დაძაბულობის შესამცირებლად. მანვე აღნიშნა, რომ ძალადობა, როგორც შურისძიება, დაუშვებელია.
"ყველას პასუხისმგებლობაა, გადადგან ნაბიჯი იმისკენ, რომ დაძაბულობა შემცირდეს და არა პირიქით იმისკენ, რომ ეს უფრო გაღვივდეს. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ძალადობის მზარდი ტალღა შეჩერდეს, ძალადობის ტალღა, რომელმაც ზედმეტად ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ადამიანის ისრაელიდან და პალესტინიდან", - თქვა მან.
ამასთან, ბლინკენმა დაგმო იერუსალიმში, სინაგოგის მახლობლად მომხდარი ტერაქტი, რომელსაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მან მომხდარს "საზარელი დანაშაული" უწოდა.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ მომხდარს. ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რომლის მიზანიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობაა. შურისძიება არ არის სათანადო პასუხი. ძალადობის აქტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არაა სათანადო პასუხი და ვერ გამართლდება", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
***
27 იანვარს იერუსალიმში აღმოსავლეთ ნაწილში, სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. პოლიციის თქმით, ტერორისტი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. სამართალდამცველებმა მისი განეიტრალება გაქცევის დროს შეძლეს. მეორე დღეს არქეოლოგიური პარკის შესასვლელთან, რომელიც ასევე იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სროლა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა.