logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკომ მიიღო საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა "რეფერენდუმზე"

13 მაი 202220:09
3 წუთის საკითხავი
clock 955
2022/05/13/cdg4tto9wdrw8ma.png

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ყველა საბუთი, რომელიც "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების" შესახებ ე.წ. რეფერენდუმს ეხება.

როგორც ე.წ. ცესკოს განცხადებაში წერია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია "რესპუბლიკის კანონებს შეესაბამება". მათივე ცნობით, "დადგენილება" დე ფაქტო პრეზიდენტს, ე.წ. პარლამენტს და თავად საინიციატივო ჯგუფს გადაეგზავნება. "დადგენილების" მიხედვით რეფერენდუმის ჩატარება ახლა ე.წ. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.

საკითხზე განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც გააკეთა, რომლის თქმით, ე.წ. ცესკო რეგიონის რუსეთთან მიერთებას მხარს უჭერს.

"დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იქნებიან ერთად. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი", - წერს ბიბილოვი.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის "ახლადარჩეულ პრეზიდენტს" ალან გაგლოევს, ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გაგლოევმა თქვა, რომ ე.წ. რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება, თუმცა მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. 

"სამხრეთ ოსეთის ყველა პრეზიდენტი ხვდებოდა და ამბობდა იმას, რომ ჩვენი ვექტორი არის რუსეთის ფედერაციასთან მაქსიმალური ინტეგრაცია. ამასთან, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არ არის ცალმხრივი პროცესი. ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მანამდე განაცხადა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. სამხრეთ ოსეთში რამდენიმე რეფერენდუმი უკვე ჩატარდა, ხალხი აფიქსირებდა საკუთარ აზრს, თუმცა თუ საჭირო იქნება კიდევ ერთი რეფერენდუმი, მას აუცილებლად ჩავატარებთ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია - გეოპოლიტიკური საკითხებით არის დაკავებული, ატარებს სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური ფორმირებების გასანადგურებლად. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. როგორც კი იქნება სიგნალი, როგორც კი იქნება გააზრება იმისა, რომ დრო დადგა - ეს რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება", - თქვა გაგლოევმა.


close დახურვა