logo
ENG



მეზვრიშვილი გვარამიაზე: ოცნება ცდილობს, ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს

16 მაი 202217:51
3 წუთის საკითხავი
clock 813
2022/05/16/fyjv5dhkegj0ivy.png

პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით სახელმწიფოს ზიანი ადგება.

როგორც ის აღნიშნავს, ჩნდება სერიოზული კითხვები განაჩენის სამართლიანობასთან და კანონიერებასთან დაკავშირებით.

მეზვრიშვილის შეფასებით, "ოცნება ისევ ცდილობს ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს".

"მთავარი კითხვა რაც უნდა დავსვათ - ამ გადაწყვეტილებით ადგება თუ არა ზიანი სახელმწიფოს (მიუხედავად იმისა, ჩაიდინა თუ არა ნიკა გვარამიამ დანაშაული) დღეს და ახლა, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება? პასუხი არის - დიახ! და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებოდა მსჯავრდებულის სკამზე - ნიკა გვარამია თუ რომელიმე სხვა მედიასაშუალების მფლობელი? ზიანი ადგება სახელმწიფოს შემდეგ მიზეზთა გამო: ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი აქვს შეტანილი და კანდიდატის სტატუსს ელოდება.

ევროკავშირის კითხვარის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, მედია თავისუფლებას და პლურალიზმს ეხება. ევროკავშირი პირდაპირ გვეკითხება არსებობს თუ არა ქვეყანაში სამართლებრივი დავა ან გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად? და სწორედ იმ დროს, როცა ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი წყდება, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედიასაშუალების მფლობელს თავისუფლების აღკვეთას უსჯიან ფინანსურ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სამ სხვა ალტერნატივას - ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას - ითვალისწინებს. და ეს მაშინ, როცა ოცნებას ასეთ დანაშაულებზე მრავლად აქვს გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი. სრულიად შესაძლებელი იყო სასამართლოს საბოლოო სასჯელის სახით 220-ე მუხლის ორივე ეპიზოდზე (რაშიც გვარამია დამნაშავედ სცნო) გამოეყენებინა ჯარიმა, ზუსტად ისე, როგორც 220-ე მუხლის ერთ ეპიზოდზე გამოიყენა და ზუსტად ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება. ბუნებრივია, ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიმართ ოცნებამ ნდობა ბოლომდე დაასუსტა, ჩნდება სერიოზული კითხვები განაჩენის სამართლიანობასთან და კანონიერებასთან დაკავშირებით.

პრობლემა ისაა, რომ ასეთი კითხვები უკვე იმ საქმეებზეც ჩნდება, სადაც უამრავი მტკიცებულებაა და ეს მდგომარეობა სრულიად ოცნების პასუხისმგებლობაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ოცნება ისევ ცდილობს ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს"- ამბობს მეზვრიშვილი.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა