logo
ENG



გოშევსკა ოცნებას: სააკაშვილის ნახვის და პოლონეთის კლინიკაში გადმოყვანის ნებართვა მოგვეცით

17 მაი 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/nqotkh7xpvnwjpz.jpg

პოლონელი დეპუტატი მალგოჟატა გოშევსკა მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ ნებართვა მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და პოლონეთში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანის, სადაც გოშევსკას თქმითვე, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამის მკურნალობას გაუწევენ.

როგორც დეპუტატი ამბობს, მას სააკაშვილის მონახულების სურვილი არაერთხელ ჰქონდა, თუმცა მმართველი პარტია ამის უფლებას არ აძლებს.

გოშევსკას თქმით, მას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო ეუბნებოდნენ ციხეში ვიზიტზე უარს.

"აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემფასებლები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ჰუმანიტარულ ხასიათსაც იძენს. 

საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით თავხედურად იტყუება, უფრო მეტიც მ. სააკაშვილს მკურნალობაში ხელს უშლის, რაც მიუთითებს ადამიანთა უფლებების ფუნდამენტურ დარღვევაზე. საქართველოს ხელისუფლება ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. მეტიც, აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას გადის, მისი სამყოფელი კი სანატორიუმს ჰგავს.

რამდენიმე თვეა, ვცდილობ დავეხმარო პოლონეთის, პოლონელებისა და ჩემს დიდ მეგობარს. ამ საქმესთან დაკავშირებით გავმართე არაერთი შეხვედრა. აგრეთვე შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა მ. სააკაშვილის დედასთან, რომელიც წარუმატებლად ცდილობს თავისი შვილის გადარჩენას. ვცდილობ მთელი ძალისხმევით მივმართო დახმარებისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მოგვცეს ნებართვა მ. სააკაშვილის მონახულებისა და პოლონეთში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანის, სადაც გაუწევენ ყოფილ პრეზიდენტს სპეციალიზებულ მკურნალობას. ექიმებს, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ მ. სააკაშვილს, ეშინიათ ადეკვატური მკურნალობის განხორციელება, რადგან შესაძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდეს.

მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს - აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და ასევე, შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. მ. სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს მასზე დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი"- წერს დეპუტატი.


close დახურვა