ევროპარლამენტარები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს.
8 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შერჩევითი სამართალი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს EU-ს წევრი.
"საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამიას და მისი ორი თანამოაზრის მიმართ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას.
სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნას, დაშინებასა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს ეხმიანება. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიაზე არაერთიკურ თავდასხმაზე, მათ შორის, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები "გადამისამართების" არგუმენტებით შეხვდნენ.
საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნის ვადაგადაცილებული სასამართლო რეფორმის შედეგი, რომელზეც ვალდებულება საქართველომ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, თუმცა არასდროს შეუსრულებია. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ, ევროკავშირის წევრი. ეს სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც ისინი იმსახურებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი, პეტრას აუშტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.