logo
ENG



სამხარაძე: ღარიბაშვილთან შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის გამო გაუქმდა

18 მაი 202214:14
3 წუთის საკითხავი
clock 847
სამხარაძე: ღარიბაშვილთან შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის გამო გაუქმდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ პრემიერი ღარიბაშვილის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

სამხარაძის თქმით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს შეხვედრა მხოლოდ შვედეთისა და ფინეთის ელჩებთან გამართა, დანარჩენი ჩანიშნული შეხვედრები კი გაუქმდა. სამხარაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია NATO-ში საქართველოს წარმომადგენლებისგან აქვს.

“ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გაუქმების განცხადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი  და ამის გამო მან ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირას და ამ კვირის დასაწყისშიც. შესაბამისად, ერთადერთი შეხვედრა [დღეს] მას ჰქონდა ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დღეს ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი NATO-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა ყველა დანარჩენი შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან ბრიუსელში, NATO-ს წარმომადგენლობაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, თუმცა გაუქმდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.


close დახურვა