კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ "უცხოელების ვიწრო" ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის "გადაყირავების" ინტერესი აქვს.
იმედის ეთერში წულუკიანი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრობდა, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება დაიწყო. "უცხოელების ვიწრო ჯგუფზე" საუბრისას წულუკიანმა ახსენა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი - ისინი, ვინც ქართულ ოცნებას აქტიურად აკრიტიკებენ.
წულუკიანმა მათ "უცხოელი ნაცებიც" უწოდა. ამასთან, მან თქვა, რომ ახსოვს, "როგორ ძალიან არ უყვარდა" იან კელის საქართველო.
"უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდოს თავისი თავი, რომ თითქოს არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი არიან რამით უკმაყოფილონი, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, პოლონელები, გერმანელები - ყველა გვერჩის ერთიანად. უცხოელების პატარა ჯგუფი.
მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს. ასევე არის ბატონი იან კელი. ალბათ, ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში [...] ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა", - თქვა წულუკიანმა.
კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ მათ, კულტურის მინისტრი ამბობს:
"ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწროპარტიული, ნაციონალებთან ერთად ინტერესი, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა იმიტომ, რომ ისინი არ გთვლიან მათ მეგობრებთან".
გარდა ამისა, წულუკიანი ამბობს, რომ აქამდე მათ პასუხს არ სცემდნენ:
"უცხოელების ამ პატარა ჯგუფს რაღაცას ეტყვი, დამშვიდდებიან და აღარ იკადრებენ უკადრებელს. სულ რამდენიმე, 10-12 კაცია, მეტი არ არის. ესენი არიან მეგობრები და მერე გამოვა, მაგალითად, ქალბატონი ფოტიგა და იტყვის, როცა რამეს უსაყვედურებ, არა, მე საქართველო მიყვარს. გააჩნია საქართველოში ვინ რას გულისხმობს. ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს".