logo
ENG



კარასინის თქმით, ქართველ კოლეგებთან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმი განიხილა

19 მაი 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock 1851

ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმი ქართველ კოლეგებთან განიხილა.

"მოკლედ მიმოვიხილეთ.ესაა ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ამას ყურადღებით ვაკვირდებით", - უთხრა მან გამოცემა TASS-ს.

კარასინი, ასევე, ამბობს, რომ პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ტელეფონითა და ვიდეო-კონფერენციების საშუალებით ეკონტაქტება. მისივე განცხადებით, რუსეთი იმუშავებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგეს.

"ხმები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით, ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში. ახლა ისეთი დრო არაა, რომ ფორმატები გაიყინოს", - თქვა რუსმა დიპლომატმა და დაამატა, რომ პირადი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არაა.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსკოვი საქმის კურსშია ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ. ამის შესახებ აბაშიძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა.

როგორც აბაშიძე ამბობს, ამ საკითხზე კარასინთან სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა და მისთვის უცნობია, მის გარდა რომელ ქართველ კოლეგას ესაუბრა იგი.

"მან თქვა, რომ "რეფერენდუმთან" დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში ჩართული არ არის. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას და ჩვენ ვთვლით, რომ ახლა, ამის დრო არ არის", - აღნიშნა აბაშიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრი არ ჰქონიათ. 


close დახურვა