ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. ის ქართული ოცნების წარმომადგენლის ბრალდებებს უგემოვნოსა და უსაფუძვლოს უწოდებს.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გუშინ იმედის ეთერში განაცხადა, რომ "უცხოელების ვიწრო" ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საქართველოს მთავრობის "გადაყირავების" ინტერესი აქვს.
იმედის ეთერში წულუკიანი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრობდა, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების შეფასება დაიწყო. "უცხოელების ვიწრო ჯგუფზე" საუბრისას წულუკიანმა ახსენა ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა, აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი - ისინი, ვინც ქართულ ოცნებას აქტიურად აკრიტიკებენ.
წულუკიანმა მათ "უცხოელი ნაცებიც" უწოდა. ამასთან, მან თქვა, რომ ახსოვს, "როგორ ძალიან არ უყვარდა" იან კელის საქართველო.
ვიოლა ფონ კრამონი წულუკიანის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ის საქართველოს მეგობარია და არასდროს ყოფილა რომელიმე მთავრობის მხარდამჭერი. ევროპარლამენტარის თქმით, ის საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობასაც აკრიტიკებდა. შესაბამისად, მისთვის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის შესახებ ბრალი უსაფუძვლოა.
კრამონი აცხადებს, რომ დროა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ჩავარდნები აღიაროს, კრიტიკის მიღება ისწავლოს და ტანტრუმის მოწყობას შეეშვას.
ვიოლა ფონ კრამონის ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
მე ვცდილობ, არ მქონდეს რეაქცია ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა სხვა გზა არ დამიტოვეს.
მე ქალბატონ წულუკიანს მაშინ შევხვდი, როცა ის ახალგაზრდა, მოტივირებული პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის ნახვა, რამდენად რადიკალიზებული გახდა ის წლების განმავლობაში და ახლა სიცრუესა და დეზინფორმაციას ავრცელებს.
ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე უკეთ იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის უდიდესი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის, დემოკრატიულად აერჩიათ საკუთარი ხელისუფლება. ჩემი დადანაშაულება ენმ-სთან საიდუმლო გარიგებაში არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არცერთი ჭკუათმყოფელი არ დაიჯერებს.
ქართული ოცნების დეზინფორმაცია კრემლის დონეს უტოლდება. ქართული ოცნება არაა საქართველო, ქართული ოცნების კრიტიკა არაა იგივე, რაც საქართველოს კრიტიკა. ამიტომაა, რომ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს ვუწოდებ და არა ქართული ოცნების მეგობარს. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან მალვა. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენსავე ჩავარდნებზე.
ეს არაა „პოლიტიკოსების პატარა ჯგუფი“, რომელიც დემოკრატიულ დაღმასვლას აკრიტიკებს, არამედ ძირითადი პოლიტიკოსები არიან, ვინც საქართველოსადმი ევროკავშირის პოლიტიკას ევროპარლამენტში და მის მიღმაც განსაზღვრავენ. გადაამოწმეთ ხელისმომწერები უახლეს განცხადებებზე ან დაელოდეთ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომდევნნო რეზოლუციას.
ისინი, სხვათა შორის, იგივე პოლიტიკოსები არიან, ვინც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, ვინც იბრძოდა ვიზა ლიბერალიზაციისთვის, ვინც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. იმავდროულად კი ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით 1 წელში მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოიყვანა.
მე არ ვერევი საქართველოს ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ, ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და არ შეასრულეთ (19 აპრილი). თუ გსურთ, სერიოზულად აღგიქვათ, შეწყვიტეთ პირობების დარღვევა, შეწყვიტეთ საქართველოს მსხვრევადი დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება. გამოასწორეთ სასამართლო, შეწყვიტეთ მიკროფონების მოპარვა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.
მე საქართველოს (და არა მისი მთავრობების) მეგობარი მრავალი წელია ვარ. წარსულში მე მასწავლეს ქართული სიბრძნე „მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო“. ახლა ქართული ოცნების დროა, ისწავლოს როგორ მიიღოს კრიტიკა სიმართლე, ტანტრუმში ჩავარდნის ნაცვლად.