
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ საქართველო თავისი მოქალაქეების "სიცოცხლის გაფრთხილებისთვის არ დაისჯება" და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
მისივე მტკიცებით, კვლევებით დასტურდება, რომ საქართველო "ყველა პარამეტრით" წინაა უკრაინასა და მოლდოვაზე. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, ქვეყნის შიგნით და გარეთ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
"იმდენად ინტეგრირებულია საქართველო დღეს თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს - რამდენიმე ასეული ადამიანი ევროკავშირის შესაბამის ერთადერთ სამხედრო სტრუქტურასთან ერთად მხარდამხარ მშვიდობისთვის ბრძოლაში ჩართული. არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ საქართველო დარჩეს ამ სტატუსის მიღმა. ამას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ის უფრთხილდება თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან. თავის ათასობთ და ათიათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო ვიღაცამ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ"- ამბობს მდინარაძე.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.