logo
ENG



რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: ვითხოვთ გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვას

24 მაი 202215:22
3 წუთის საკითხავი
clock 1126
ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

საერთაშორისო მედია ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის გადახედვას ითხოვს. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ შეშფოთებულია ქართული დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი საფრთხეების გამო. 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. 

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი ციხეში ჩასვეს". - აღნიშნავს რეპორტიორები საზღვრებს გარეშე. 

"ასეთი საეჭვო საფუძვლით განაჩენის და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით. 

ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ გამოავლინა პასიურობა პრესის თავისუფლების მიმართ თავდასხმებზე რეაგირების კუთხით, არამედ გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების მუშაობას. 

ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას საქმის დამოუკიდებელი განხილვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები საქართველოში ყველა მედიისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად". - აცხადებს ჟან კაველიერი, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აღნიშნავს, რომ მთავარი არხი ხშირად არის ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების ობიექტი. 2021 წლის ნოემბერში ის 111 303 ლარით დააჯარიმეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვიდეოს გავრცელების გამო. 

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ შეავიწროვეს არხის ჟურნალისტები, როცა ისინი მმართველი პარტიის ღონისძიებებს აშუქებდნენ. 


close დახურვა