logo
ENG



ღარიბაშვილი: საქართველო EU-ს სანდო პარტნიორია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დავუახლოვდეთ

25 მაი 202212:19
3 წუთის საკითხავი
clock 577
2022/05/25/h8q7u0lvh5luuv8.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია.

ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ახლოს აღმოჩნდეს საბოლოო მიზანთან, რაც EU-ს სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.

"მინდა ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია.

ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს.

მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. 

სულ ახლახანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. თქვენს კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. 

როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ - მაქსიმუმს გავაკეთებთ - იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს", - თქვა ღარიბაშვილმა. 


close დახურვა