logo
ENG


კობახიძე: აშშ-ის საელჩოს დუმილი ნიშნავს, რომ ოპოზიციის ინფორმაცია იყო დემაგოგია და სიცრუე

25 მაი 202213:53
3 წუთის საკითხავი
clock 262
კობახიძე: აშშ-ის საელჩოს დუმილი ნიშნავს, რომ ოპოზიციის ინფორმაცია იყო დემაგოგია და სიცრუე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაცია, აშშ-ს საელჩოს მხრიდან ნიკა გვარამიას საქმის მოასამართლის პროგრამიდან ამოგდების შესახებ, ოპოზიციის მხრიდან აშშ-ის საელჩოს ტყუილში დადანაშაულებაა.

კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩოს დუმილი ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ავრცელებდა ოპოზიცია, იყო ცარიელი დემაგოგია და სიცრუე.

"ამერიკის საელჩოს დუმილი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერი, რასაც ავრცელებდა ოპოზიცია იყო ცარიელი დემაგოგია და სიცრუე. ბუნებრივია, ვერც დავუშვებდით იმას, რომ აშშ-ს საელჩოს მხრიდან ასეთი რამ განხორციელდა, ამას არასდროს იკადრებდა ამერიკის საელჩო. შესაბამისად, თემა დაიხურა, გაირკვა, რომ ტყუილში სდებდა ბრალს რადიკალური ოპოზიცია ამერიკის საელჩოს.

ოპოზიციამ ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზემოქმედებაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში, რაზეც ჩვენ მოვითხოვეთ მათგან პასუხი, ვთხოვეთ საელჩოს რეაქცია, საელჩოს დუმილი ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ. 

ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

წყარო ყვება, რომ მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.

გუშინ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის საელჩოს მოუწოდა, გაავრცელოს ინფორმაცია, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, თუმცა საელჩოს კომენტარი, ამ დრომდე არ გაუკეთებია.


close დახურვა