logo
ENG



საელჩო: ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს კანონმდებლობასთან

25 მაი 202216:24
3 წუთის საკითხავი
clock 918

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოკლე კომენტარს ავრცელებს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით. საელჩოში აცხადებენ, რომ მათი "ძალისხმევა თანხვედრაშია" როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან. 

"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - აღნიშნულია საელჩოს პასუხში.

ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა. როგორც წყარო ამბობს, მიზეზი მისი პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ პასუხი საელჩოს უნდა გაეცა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მოუწოდებდა, გაევრცელებინა ინფორმაცია, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან მოსამართლე. მას "ღრმად სწამს", რომ ამერიკის საელჩო "მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა".

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს "სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზემოქმედებაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში", რაზეც მოითხოვენ პასუხს.

"ჩვენ მოვითხოვეთ მათგან პასუხი, ვთხოვეთ საელჩოს რეაქცია, საელჩოს დუმილი ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა