ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს ხელისუფლების შესახებ სათაურით: "საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს".
სტატიას, რომლის ავტორიც ფრანგი ჟურნალისტი იზაბელ ლასერია. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის ფოტო აქვს დართული.
ავტორი წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია და არც პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა.
„საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობაზე და ევროპულ სანქციებთან შეერთებაზე, რასაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "უსარგებლოდ" აფასებს“ - წერია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, დონბასში შეტაკებების პარალელურად რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სხვა გზებითაც იბრძვის, რის ერთ-ერთ მაგალითადაც გამოცემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ასახელებს.
გამოცემის თქმით, სააკაშვილი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ძველი მტერია საქართველოს ხელისუფლებამ 2021 წლის პირველ ოქტომბერს 8-წლიანი დევნის შემდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა და ახლა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში კვდება.
„მაშინ როცა დონბასში შეტაკებები ყოველდღიურად მძვინვარებს, რუსეთის ომი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვა გზებითაც ხორციელდება. ვლადიმერ პუტინის N1 საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისი ქვეყანა, საქართველო, საბაზრო ეკონომიკაში განახორციელებული რეფორმების დამსახურებით, დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს მიუერთა, 54 წლის ასაკში ციხეში ნელ-ნელა კვდება.
მისი ახლობლების თქმით, ყოფილმა ქარიზმატულმა და პროევროპულმა პრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვეღარ გაუძლოს იმ არასათანადო მოპყრობას რომლის მსხვერპლიცაა“ - წერს სტატიის ავტორი.