logo
ENG



საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

31 მაი 202222:15
3 წუთის საკითხავი
clock 1903
2022/05/31/2ux8fjqshk4elm7.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს და ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მის საცხოვრებელ მისამართზე, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

"მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.

თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა